The technology industry in Georgia
საქართველოში IT სექტორი სწრაფად იზრდება, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიაა „ლინეიტ საქართველოს“ რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა გიორგი ციკოლიამ განუცხადა.
მისი შეფასებით, სამ წელიწადში ტექნოლოგიების ინდუსტრიის მოცულობა საქართველოში თითქმის $1 მილიარდამდე გაიზარდა.
„საქსტატის ბოლო მონაცემებით, ის რაც IT სექტორში ხდება, განსაკუთრებით ტექნოლოგიების მიმართულებით, რა სეგმენტშიც ჩვენი კომპანია „ლინეიტ საქართველოა“ წარმოდგენილი, სერვისის ექსპორტის ნაწილში საგრძნობლად გაიზარდა. არის ვარაუდი, რომ წლის ბოლომდე ეს ინდუსტრია $800-$900 მილიონამდე გაიზრდება, ეს იმ ფონზე, როცა სამი წლის წინ ეს ინდუსტრია საერთოდ არ არსებობდა.
საქართველოს მასშტაბიდან გამომდინარე ქვეყანაში მილიარდი დოლარის მოცულობის ინდუსტრიის შექმნა 3 წლის განმავლობაში, ძალიან დიდი შედეგია.
შესაბამისად ვფიქრობ, რომ ინდუსტრია კარგად ვითარდება. ჩვენ კმაყოფილი ვართ 18 თვის შედეგებით, რაც ბაზარზე ვიმყოფებით. იზრდება კომპანიაში თანამშრომლების რაოდენობა, ასევე მათი ჩართულობა საერთაშორისო პროექტებში. ჩვენ გვიხარია, რომ ჩვენი წვლილი შეგვაქვს განათლების სექტორში, ასევე იმაში, რომ სტუდენტები წავახალისოთ, საშუალება მივცეთ, რომ დაიწყონ სამსახური და შეიძინონ პროფესია, რომელიც მათ ასევე მისცემს წვდომას საერთაშორისო ბაზრებზე“,- აღნიშნა ციკოლიამ.
„ლინეიტ საქართველოს“ რეგიონული ოფისის ხელმძღვანელის ინფორმაციით, კომპანიაში პირველივე დღიდანვე არსებობს სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც შიდა კადრების მომზადება ხდება.
„ჩვენი კომპანიის თანამშრომლების 70% ამ პროგრამის კურსდამთავრებულია და ეს პროცესი მუდმივად მიმდინარეობს. გადავწყვიტეთ, რომ ეს პროცესი საქართველოში გავაფართოოთ და კარი გაუხსნათ ყველა იმ სტუდენტის, ვისაც სურვილი აქვს, რომ ამ პროცესში მონაწილეობა მიიღოს.
რა თქმა უნდა სააპლიკაციო პროცესია გასავლელი. ჩვენს პირველ სასწავლო კურსში მონაწილეობის სურვილი 600-მა სტუდენტმა გამოთქვა, საიდანაც 25 შევარჩიეთ. აქედან 6 სტუდენტი ავიყვანეთ [ 1%] როგორც სტაჟიორი, რომელთაც ხელფასს ვუხდიდით და დღეს ისეთი რეალობის წინაშე ვართ, რომ მათ სრულ განაკვეთზე სამსახურს“, - აცხადებს ციკოლია.